ბოლო განახლება: 23 სექტემბერი 2024

კოალიციის განცხადება მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების თაობაზე

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებს, რაც უარყოფითად აისახება სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამავდროულად, საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.

მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული რეფორმის ოთხი ტალღისა, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ პროცესის სამართლიანობას, ობიექტურობასა და ეფექტიანობას, რასაც გავლენიანი ჯგუფის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლება და კანონმდებლობის ხარვეზები განაპირობებს.

სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ინსპექტორის სათანადო დამოუკიდებლობას, რადგან მას საბჭო სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. შესაბამისად, არამოსამართლე წევრებს არ აქვთ რეალური გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. გარდა ამისა, არსებული კანონმდებლობა სათანადოდ არ არეგულირებს ინსპექტორის შერჩევის წესს და ვერ უზრუნველყოფს კონკურსის ობიექტურად და მიუკერძოებლად წარმართვას.

გარდა კანონმდებლობაში არსებული სერიოზული ხარვეზისა, ინსპექტორის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს მისი არჩევის პროცესიც. 2020 წლის 23 იანვარს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელ ინსპექტორად ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია. კონკურსი სრულიად გაუმჭვირვალედ წარიმართა, რაც მოქმედი ინსპექტორის მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო აძლიერებს.

დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შექმნა დისციპლინური სამართალწარმოების საწყის ეტაპზე საბჭოს მდივნის გადაჭარბებული უფლებამოსილების შეზღუდვას ემსახურებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი თანამდებობაზე არჩევის წესი და მოქმედი ინსპექტორის მჭიდრო კავშირი გავლენიან ჯგუფთან, ეჭვქვეშ აყენებს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას.

გარდა ინსპექტორის დამოუკიდებლობის არასაკმარისი გარანტიებისა, მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურებაც. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის „მესამე ტალღით“ დისციპლინური საქმის წინასწარი შემოწმებისა და გამოკვლევის ვადები განისაზღვრა, სამართალწარმოება დღემდე ვადების დარღვევით მიმდინარეობს და დისციპლინური სამართალწარმოება ჭიანურდება. 2019 წელს საბჭომ დისციპლინურ საკითხზე მხოლოდ 2 სხდომა[1] ჩაატარა, შედეგად, არაერთი დისციპლინური საჩივარი ამ ეტაპზე განხილული არ არის. საბჭოს მიერ კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა დისციპლინური სამართალწარმოების არაეფექტიანობისა და არაობიექტურობის განცდას აჩენს.

დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა სასამართლო სისტემის ავტორიტეტისა და საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობის დაცვის ინტერესს ემსახურება, თუმცა, მეორე მხრივ, შეიცავს პოტენციურ საფრთხეს, მისი არასათანადოდ გამოყენების პირობებში, გადაიქცეს ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ბერკეტად. სწორედ ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის, როგორც დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის, რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების ხელშესაწყობად და სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობის ასამაღლებლად, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დისციპლინურ სამართალწარმოებაში ჩართულმა ორგანოებმა დროულად, ობიექტურად და ეფექტიანად უპასუხონ მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებულ საჩივრებს.


[1] 2019 წლის 11 და 13 მარტს.

მსგავსი მასალა:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404