კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კონკურსს ეხმიანება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი წარმართოს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის გატარებამდე.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 1-ლი ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობისთვის 9 კანდიდატი შეირჩა.[1] ამ გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის 28 აპრილის რეკომენდაცია. ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ზოგადად, მოწონებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა, აგრეთვე მითითებულია შემდგომი რეფორმების საჭიროებაზე, ხოლო კანდიდატების თანასწორობის უზრუნველსაყოფად, კომისია საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს მოსამართლეთა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას.[2]

ვენეციის კომისიის რეკომენდაციის უგულებელყოფით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გაგრძელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების რეალური ნება. უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე ხარვეზიანი პროცედურით მოსამართლეთა დანიშვნა, კი, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მართლმსაჯულების რეფორმის პერსპექტივას და ამცირებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდის შესაძლებლობას.

უახლოეს წარსულში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენები ცალსახად ადასტურებს, რომ საბჭო ვერ ასრულებს მისთვის დაკისრებულ კონსტიტუციურ ფუნქციებს. უპირველეს ყოვლისა, საბჭომ არათუ ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, არამედ თავად გახდა სისტემაში არსებული პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი წყარო. ამ ფონზე, სასამართლოსადმი კიდევ უფრო დიდი რეპუტაციული ზიანის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, პარლამენტში მაინც წარიმართოს პროცესები საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსით. შექმნილ ვითარებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო გუნდმა გამოავლინოს კანდიდატების შერჩევა-დანიშვნის დემოკრატიულად წარმართვის პოლიტიკური ნება, რაც გულისხმობს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებას ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსის საფუძველზე. ნიშანდობლივია, რომ, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევისთვის, კანონმდებლობა ითვალისწინებს პარლამენტის მიერ კვალიფიციური უმრავლესობით (სრული შემადგენლობის ⅗) გადაწყვეტილების მიღების წესს, რაც შექმნილ ვითარებაში ასევე მოითხოვს პოლიტიკურ კონსენსუსს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ ძალებს შორის. ამასთან, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ორგანომ, ფორმალურადაც დაადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსენსუსის საფუძველზე დანიშვნის წესი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველსა და საერთაშორისო პარტნიორებს;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისას, გადაწყვეტილება მიღებული იყოს ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე. ხოლო თუ ეს შეუძლებელია, შეაჩეროს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებამდე.


[1] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 1-ლი ივნისის N1/41 განკარგულება „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატების გადასვლის შესახებ“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3vQhjre.

[2] European Commission for Democracy Through Law (VENICE COMMISSION), Urgent Opinion on the Amendments to the Organic Law on Common Courts of Georgia, Opinion No. 1039/2021 CDL-PI(2021)007, Strasbourg, 28 April 2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yUbTgx.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404