იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესის შეფასება

2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი გაუმჭვირვალე პროცედურით წარადგინა საკანონმდებლო ორგანოში. ამ ფაქტმა მწვავე საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რის გამოც, ერთი წლის წინ, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის (ე.წ. კლანის) მცდელობა, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნულიყვნენ არსებული სისტემისადმი ლოიალური პირები, წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ, პარლამენტმა კანონით განსაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურები. მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული შენიშვნებიდან ნაწილის გათვალისწინებისა, საბოლოო დოკუმენტმა მაინც დაიმსახურა კრიტიკა.[1] ახალი რეგულირების პირობებში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს 20 კაციანი სია წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ მათი შერჩევის პროცესიც ცალსახად უარყოფითად შეფასდა.[2] სიაში ძირითადად, გავლენიანი მოსამართლეები ან მათთვის მისაღები კანდიდატები, აგრეთვე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ.[3]

კანდიდატთა მოსმენები იურიდიულ კომიტეტში გამჭვირვალედ წარიმართა. საკომიტეტო მოსმენებში დეპუტატებთან ერთად დაუბრკოლებლად მონაწილეობდნენ სამეცნიერო წრეების, ადვოკატთა კორპუსის, სახელმწიფო იურიდიული სამსახურის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. მოქალაქეებს შეეძლოთ კანდიდატებისთვის განკუთვნილი კითხვები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისთვის გაეგზავნათ, რომელიც ყველა შეკითხვას საჯაროდ სვამდა.

კითხვები შეხებოდა, როგორც სამართლებრივ, ისე ღირებულებით საკითხებს, ასევე სამუშაო გამოცდილებისა და მოსამართლე კანდიდატთა მიერ წარსულში განხილულ საქმეებს. კანდიდატთა ნაწილი, ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობდა ელემენტარულ სამართლებრივ შეკითხვებსაც კი. იშვიათი გამონაკლისების გარდა, კანდიდატების სამართლებრივი მსჯელობის უნარი იყო დაბალი, მათი პასუხები კი - დაუსაბუთებელი. ზოგიერთმა კანდიდატმა უარი განაცხადა კონკრეტული სუბიექტების მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე.[4] იყო დაუსაბუთებელი და გამოგონილი საფუძვლით შეკითხვებზე თავის არიდების შემთხვევებიც. მსგავსი დამოკიდებულება, არა მხოლოდ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, არამედ ზოგადად, პროცესის მიმართ უპატივცემულობის გამომხატველია და ცალსახად, უარყოფით შეფასებას იმსახურებს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებისა და საკომიტეტო მოსმენების პროცესმა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები. კანდიდატების უმრავლესობა არაადექვატურად აღიქვამს სამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს, ვერ ხედავს როგორც წარსულში ასევე აწმყოში სასამართლოში არსებულ პრობლემებს ან არ სურს ისაუბროს ამ პრობლემებზე; პრეტენდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი ღიად უჭერს მხარს სასამართლოში არსებულ კლანს, ერიდება განსხავებული აზრის დაფიქსირებას, რაც მათ შინაგან თავისუფლებაზე, ღირებულებებზე და მორალურ სიმტკიცეზე დადებითად არ მეტყველებს. უზენაესი სასამართლო ქვეყანაში სამართლებრივ პოლიტიკას წარმართავს, ერთგვაროვან პრაქტიკას ამკვიდრებს და დარღვეულ უფლებას ბოლო ინსტანციით იცავს. სწორედ ამიტომ, მის წევრებს მოეთხოვებათ, სამართლებრივი აზროვნების და პიროვნული შეუვალობის მაღალი დონე, რასაც კანდიდატთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ არაკომპეტენტური და არაკეთილსინდისიერი კანდიდატების დანიშვნა, აზრს დაუკარგავს საქართველოს პარლამენტში წარმართულ ღია, გამჭვირვალე, კონსტრუქციულ პროცესს, დიდი ხნით დაასამარებს სასამართლოს გაჯანსაღებისა და საზოგადოებრივი ნდობის დაბრუნების შანსს. მოვუწოდებთ კანონმდებლებს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად არ შეავსოს ვაკანტური თანამდებობები სრულად და მოსამართლეთა მხოლოდ ის მინიმალური ოდენობა დანიშნოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის. ამავდროულად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის უვადოდ არჩევის გადაწყვეტილების მიღებისას კარგად გააცნობიერონ მათზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა და მხედველობაში მიიღონ საკომიტეტო მოსმენებზე კანდიდატის მიერ წარმოჩენილი ცოდნა, სამოსამართლო ღირებულებების ერთგულება და მათი უნარ-ჩვევები. მივმართავთ უმრავლესობას, გამოიყენოს ოპოზიციასთან მოლაპარაკების მექანიზმი მოსამართლეების კანდიდატურაზე შესათანხმებლად და დამოუკიდებლად არ განაწესოს ისინი საკასაციო სასამართლოში.


[1] ვრცლად იხ.: კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, „კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და არჩევის ახალ წესს აფასებს“, ხელმისაწვდომია: http://coalition.ge/index.php?article_id=207&clang=0, განახლებულია: 21.11.19.

[2] ვრცლად იხ.: საქართველოს სახალხო დამცველი, „საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებით“ ხელმისაწვდომია:http://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakartvelos-sakhalkho-damtsvelis-gantskhadeba-uzenaesi-sasamartlos-mosamartleta-archevastan-dakavshirebit, განახლებულია: 21.11.19.

[3] მაგ. 10 კაციანი სიიდან, 20 კაციან სიაში მოხვდნენ: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე. სიაში ასევე მოხვდნენ გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და მისი მოადგილე მამუკა ვასაძე.

[4] შალვა თადუმაძემ უარი განაცხადა ეპასუხა გიორგი მშვენიერაძის შეკითხვებისთვის, ხოლო პაატა სილაგაძემ ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის კითხვები დატოვა უპასუხოდ.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404