იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებულ საჯარო ინფორმაციას არ გასცემს

კოალიცია უკიდურესად შეშფოთებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებას არ მიაწოდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებული ინფორმაცია. „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში 2019 წლის 1 მაისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეს ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა) არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, საბჭო კი მისი დახურვით კანონს არღვევს.

კერძოდ, იუსტიციის საბჭომ 13 ივნისის წერილით უარი განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივზე მითითებით, მაშინ როდესაც ეს ინფორმაცია კანონის თანახმად საჯაროა. საბჭოს მიერ კანონის ამგვარი ინტერპრეტაცია აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭო გარკვეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვას ცდილობს.

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა დებულებას, რომლის თანახმადაც კანდიდატების შესახებ მიღებული მონაცემები უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური. მას შემდეგ, რაც ამ დებულებამ მწვავე კრიტიკა გამოიწვია, კანონპროექტის მომხსენებელმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი შეიცვლებოდა და საბოლოოდ, ის ამოღებულიც იქნა კანონპროექტიდან. პარლამენტს კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მაქსიმალური ღიაობისკენ მოუწოდებდა ვენეციის კომისიამაც. მოცემულ შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს მხრიდან კანონის სხვაგვარი განმარტება არის თვითნებობა და შეუქცევადად აზიანებს კონკურსის მიმართ სანდოობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები კანონპროექტის განხილვისას მუდმივად აცხადებდნენ, რომ მათი ვერსია ითვალისწინებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის „უპრეცედენტოდ გამჭვირვალე” პროცესს. დღესდღეობით კი, საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევი კონკურსი არის ნაკლებად გამჭვირვალე, ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის შესარჩევი კონკურსი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად თანამდებობის პირის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და არ შეიძლება მისი დახურვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, კანდიდატების შესახებ არსებული დოკუმენტების დახურვის შესახებ, კონკურსისადმი საზოგადოების ნდობის პერსპექტივას გამორიცხავს. დღესდღეობით, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ კანდიდატების მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, ხოლო საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს რა დოკუმენტაციას ეყრდნობა და რამდენად სიმართლეს შეესაბამება ისინი. დაინტერესებულ პირებს არ აქვს საშუალება გაეცნონ კანდიდატების მიერ წარდგენილ მასალებს, მათ შორის, კვლევებს, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც კანდიდატების კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების შესაფასებლად უნდა გამოიყენებოდეს.

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს კანდიდატების შესახებ საბჭოში წარდგენილი და საბჭოს მიერ მოძიებული ინფორმაცია (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციისა), მანამდე კი არ გააგრძელოს კონკურსის პროცედურები.

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404