მოსამართლეთა გადაადგილების პრაქტიკა სასამართლოს სისტემაში - რა შეცვალა რეფორმამ?

საერთო სასამართლოების მარეგულირებელი კანონმდებლობა სასამართლო სისტემაში დანიშნული მოსამართლის გადაადგილების რამდენიმე სამართლებრივ შესაძლებლობას იცნობს. სასამართლო სისტემაში მოსამართლის პირველადი დანიშვნის შემდეგ, ის შეიძლება დაექვემდებაროს შესაბამისი, ქვემდგომი ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში უკონკურსოდ გადანიშვნას თავისი უფლებამოსილების ვადით, დაწინაურებას პირველიდან მეორე ინსტანციის სასამართლოში ან სხვა სასამართლოში დროებით მივლინებას (2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რეჟიმი).

როგორც ცნობილია, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების რამდენიმე ეტაპი განხორციელდა. რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხო მოსამართლეთა გადაადგილების საკითხის უკეთ მოწესრიგებას, ცალკეული სამართლებრივი ნორმების დახვეწას, საფუძვლებისა და პროცედურების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

წარმოდგენილი დოკუმენტის მიზანია, სწორედ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებისა და ახალი საკანონმდებლო გარანტიების ფონზე, აღწეროს და შეაფასოს სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადაადგილებასთან დაკავშირებული პრაქტიკა და გამოკვეთოს, რამდენად შეინიშნება ცვლილებები ან/და შეცვლილი კანონმდებლობის გავლენა სასამართლო ორგანოების საქმიანობაზე. წარმოდგენილ დოკუმენტში განხილულია მოსამართლეთა გადაადგილებისთვის გამოყენებული სამი ძირითადი სამართლებრივი მექანიზმი და მათთან დაკავშირებული პრაქტიკული მახასიათებლები:

  • მოსამართლეთა მივლინება;
  • მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნა;
  • მოსამართლეთა დაწინაურება.

აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმების აქტუალობა და მნიშვნელობა გამომდინარეობს იქედან, რომ მათი თვითნებური და დაუსაბუთებელი გამოყენების შედეგად, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სასამართლოს დამოუკიდებლობას, ინდივიდუალური მოსამართლის ავტონომიას და შესაბამისად, მართლმსაჯულების მაძიებელი პირის ინტერესებს. მოსამართლეთა გადაადგილება სასამართლო სისტემაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც კონკრეტულ საქმეზე გავლენის მოხდენის საშუალება ან ცალკეული მოსამართლის მიმართ ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება. აღნიშნულ რისკებს აძლიერებს საერთო სასამართლოებში

მოქმედი საქმეთა განაწილების არაჯანსაღი სისტემა. მოქმედი კანონმდებლობით, სასამართლოში საქმის განაწილება მოსამართლეებს შორის ხდება რიგითობის წესით. თუმცა, კანონი ასევე ითვალისწინებს საქმის რიგითობის წესის გარეშე განაწილების შესაძლებლობას და სასამართლოს თავმჯდომარეებს ანიჭებს ფართო დისკრეციას, ცალკეულ შემთხვევებში, თავად გადაწყვიტონ საქმის კონკრეტულ მოსასამართლეზე დაწერის საკითხი. საზოგადოებაში ხშირად არსებობს კითხვები, როგორ მოხვდა ესა თუ ის საქმე კონკრეტულ მოსამართლესთან, იყო თუ არა საქმე რეგულარული 1 წესით განაწილებული თუ ადგილი ჰქონდა პროცესში ხელოვნურ ჩარევას. მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული კითხვები მჭიდროდ არის მიბმული მოსამართლეთა გადაადგილების თემასთან. საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა მოძრაობასთან დაკავშირებული სისტემური ხარვეზები და საქმის განაწილების არსებული წესი წარმოშობს მართლმსაჯულების პროცესში ჩარევის, საქმეთა განაწილების/განხილვის პროცესისთვის გარკვეული მიმართულების მიცემისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, რაც არსებით ზიანს აყენებს მართლმსაჯულების ინტერესებს.

წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნება კანონმდებლობის ანალიზს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მიღებული და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების დამუშავებას, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე უშუალოდ დაკვირვების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას.

დაკავშირებული ბმულები:

ამავე კატეგორიაში:

განცხადებები:

პუბლიკაციები:

სიახლე:

ელ-ბიულეტენი:

გამოიწერეთ კოალიციის პერიოდული ბიულეტენი. მიიღეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ.

დაკავშირება:

  • თბილისი 0102, საქართველო მარჯანიშვილის ქ. 5, მე-3 სართული.

  • +995 (32) 2505404